2013 წლის 13 დეკემბერს 144-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლიტერატურული ჟურნალის პრეზენტაცია. ჟურნალი მოამზადეს მეშვიდეკლასელებმა. ჟურნალში იხილავთ შემდეგ რუბრიკებს: ტექსტები, ინტერვიუ, ლირიკა, ჰაიკუ, პუბლიცისტური წერილი, ჩანახატი, მხიარული გვერდები-არიფანა.

ჭაღარა ზამთრის ფანტაზიები

      ჭაღარა და ამაყმა ზამთარმა კვლავ მოგვიკაკუნა კარზე. ამდენი პაწაწინა ფიფქის ჩვენთან, დედამიწაზე გამოშვება უწევს დატვირთულ ცას. მართალია, ამის გაკეთება არ უნდა, მაგრამ ცხრა თვის მანძილზე დაგროვილი ფიფქები უკვე ძალიან მძიმეა და ძნელი შესაკავებელი. ნელ-ნელა ხელს უშვებს და თითო-თითო ფიფქს ფაფუკად უშვებს ჩვენთან. ისინი ნელ-ნელა მიწაზე ეშვებიან და თითქოს ისევ დიდი ოჯახივით ერათად იკრიბებიან.
          დილით გაღვიძებული ბავშვები ჟრიამულით ხვდებიან გადათეთრებულ არემარეს. გარეთ სიხარულით დარბიან და აწითლებული ლოყებითა და ცხვირით, გაბადრული სახეებით შეჰყურებენ ერთმანეთს. ბოტოტა თითებით აგროვებენ  პაწაწინა ფიფქებს და ერთმანეთს ესვრიან. აცრემლებული ცა ამ ყველაფერს ზევიდან უყურებს და თან ეტირება, ცრემლებს ძლივსღა იკავებს, მაგრამ თან ბედნიერია სახეგაბადრული ბავშვების ყურებით. ხალხი მიაბიჯებს თოვლზე და მათი ბილიკები ქალაქის გზას ემსგავსება, თოვლი კი სასიამოვნოდ ჭრაჭუნობს. ფიფქები უფრო და უფრო მატულობს და შიშველ ხეებს საბანივით ეფარება. მარადმწვანე ჯარისკაცებს კი ულვაშებს შეუთეთრებს. სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფი ბავშვები მხიარულად რთავენ ნაძვის ხეს და უმღერიან, თან ფანჯრიდან უყურებენ, როგორ მოგზაურობს თითოეული ფიფქი.
           შემდეგ ოცნებების და ნატვრების ასრულების ღამეს ყველა ჩაიფიქრებს სურვილს. ფეირვერკი ცაში აიჭრება და მზის სხივებივით გაიშლება. ამ დროს ცა ყველაფერს დაჰყურებს და მომავალი წლისთვის ფიფქებს აგროვებს.


სხვისი ხელებით


       სხვისი ხელებით იყო გამოწვეული ომები საქართველოში. 2008 წლის აგვისტოში რამდენ ბავშვს დაუხოცეს მშობლები! სხვისმა ხელებმა გამოიწვია ამდენი უბედურება. სხვისი ხელით ნასროლმა ტყვიამ დაგვიხოცა ამდენი ქართველი. არადა, ადამიანმა თავისი ხელები ხომ მხოლოდ სიკეთის კეთებისთვის უნდა გამოიყენოს. დასახმარებლად უნდა გამოგიწოდოს, უძლური ფეხზე დაგაყენებინოს, მწყურვალისათვის წყალი მიგატანინოს.
ჩემი ახლობელი ავარიაში მოყვა და ექიმს, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, ხელები დამახინჯებული ჰქონდა, თითებს ვერ შლიდა, მაგრამ ურთულესი ოპერაცია ისე გააკეთა, რომ ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. ზოგჯერ სხვისმა ხელებმა შეიძლება სიცოცხლე გაჩუქოს ან, პირიქით, გიმსხვერპლოს. ადამიანისთვის ხელები ძალიან მნიშვნელვანია, მითუმეტეს, სიკეთის მქმნელი. სწორედ ხელის საშუალებით ვიწერთ პირჯვარს, ვევედრებთ უფალს შემწეობას. უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი, გვიყვარდეს და მოვუფრთხილდეთ  ჩვენსა და სხვის ხელებს.
                                                             მარიამ ელისაშვილი, VIIა  კლასი, 2013 წელი

ღამის მონოლოგი

  ღამე დაჩოქილა, მიიპარება. გადატყავებული მუხლისთავებიდან სისხლი სდის, სისხლთან ერთად ცრემლიც... მარტო აქ წვიმს, მომუშტული ღრუბლები ნელ-ნელა იწურება, პატარავდება.  ღამის დაწყნარებას არ დაადგა საშველი. ცრემლად იღვრება, სირცხვილია, რა ყოფაში მოუსწრო განთიადმა. უფრო უმატა ქვითინს.
    კაკლის ხემ დინჯად შეარხია კენწერო, ფოთლებიდან წვიმის წვეთები გადმოყარა, ცას გახედა : აქამდე უნდა მოსულიყო , ნეტა რად იგვიანებს ოქროს ჯიღა?!
 ცაში კი ცხარე ბაასია გამართული. სთხოვენ ღამეს, შეწყვიტოს ტირილი და დაუბრკოლებლად განდევნოს შავი ღრუბლები ციდან. ისინი ხომ მზეს უშლიან ამობრძანებას!
    ამაოა ყველა მუდარა. დედამიწაზე ისევ ჯიუტად წვიმს. აკრუსუნდნენ წითელი ყვავილები, ისინი  მიწას გააკრა წვიმამ. ადამიანები, როგორც ყოველთვის, უგრძნობლად წვანან, ღრმა ძილს მიცემულნი, არ ესმით ცის გასაჭირი. როცა მოინდომებენ წამოდგომას, ზოგი კარგად შეუკურთხებს წვიმას, ზოგიც სიამოვნებით გაიზმორებს.
 ცოდოა ღამე, მაგრამ მისი ჭირვეულობის გამო ხომ არ შეიძლება დროის შეცვლა. ამიტომ დილა ჩვეულებრივად დგება. მზე, გაბუტული, ნაწყენი და პირდაუბანელი, მაინც ამობრძანდება ლურჯი ცის კაბადონზე და მთის მწვერვალებიდან დედამიწას გაუღიმებს დიდი, ნათელი, გულღია ღიმილით.


ჩვენ და ისინი

   ჩვენ ასეთები ვართ და ისინი კიდევ ისეთებიო. ვინ  იცის, რამდენჯერ გვაქვს მოსმენილი ეს სიტყვები, როდესაც ესა თუ ის ქცევა ან ფაქტი ჩვენს კრიტერიუმებს არ პასუხობს, ან უბრალოდ ვერ ვეგუებით. ჩვენ თავს ვადარებთ ევროპელებს, ამერიკელებს. ერთი სიტყვით, ყველას ვინც შესადარებელ დონეებს აკმაყოფილებს ჩვენს მსოფლმხედველობაში. ჩვენი თავი ქართველებს კი ძალიან გვიყვარს, ზოგჯერ ზღვარგადასული ამპარტავნებით, ცხვირაწეულები ისეთ ჟივილ-ხივილს ავტეხთ, მოვიგონებთ ჩვენ საამაყო წინაპრებს, ზოგს სიმართლეს ვიტყვით, ზოგს შევალამაზებთ. ხან საპირისპირო გვჭირს, კაცს თუ  ფეხი დაუცდა, დაუნახავები ვხდებით, ერთი ხელის მოსმით ისე დავუკარგავთ სიკეთეს, თითქოს ის იყოს ჩვენი ყველაზე დიდი დამაქცევარი და მოწინააღმდეგე, ხან განდიდების მანია შეგვიპყრობს, უღირსს გავაღმერთებთ და თვალებს ვიბრმავებთ.
  ერთი სიტყვით, მართლაცდა ძალიან განსხვავებულები ვართ ჩვენ და ისინი, ანუ ყველა დანარჩენი სამყაროს ადამიანები. თუნდაც ევროპელები, როგორები არიან ისინი? ისინიც ჩვენნაირად გიჟდებიან მსოფლიოს რომელიმე მაღალჩინოსანი ან ვარსკვლავი რომ ესტუმრება მათ ქვეყანას? ისინიც ჩაქოლავენ ადამიანს განსხვავებული აზრის, ორიენტაციის, წიგნისა თუ ფილმის არატრადიციული სათაურის ან ზედმეტი სიშიშვლის გამო? იქნებ ეკლესიაში სიარული რწმენის გამო და არა სხვის თვალებში მორწმუნის სტატუსის მოპოვების გამო არის მათთან მოდაში? ან ჩვენსავით საქვეყნო ალიაქოთია თუნდაც ძალიან მტკივნეული კატაკლიზმების გამო. ჩვენ ხომ შეშფოთებულები ღვთის რისხვად ჩავთვლით ამ ყველაფერს, ისინი მხოლოდ მშვიდი საუბრით ერთმანეთს უსაფრთხოების ნორმებს შეახსენებენ და ერთმანეთს მიუსამძიმრებენ. ჩვენი ემოციური მენტალიტეტი განა მოსატანია მათთან? თუ ჩვენსავით მეგობრის გვერდში დგომის გამო ჭირშიც და ლხინშიც, ჩვეულებად რომ გვაქვს, თავს იკლავენ. რა თქმა უნდა, ტრადიციების, წინაპრების სიამაყით, პატივისცემით და სუფრით, სადღეგრძელოებით ისინი ვერ შეგვედრებიან. არც სიყვარული იციან ჩვენსავით არაზომიერი და არანორმალური, არც დედაშვილობა, კიდევ რამდენი ერთის ჩამოთვლა შეიძლება.
  არ  ვიცი, კარგია თუ არა ასეთი, ხანდახან არც თუ ისე "არაჩვეულებრიობა", მაგრამ ფაქტია, რომ ბევრია სხვაობა. სამყარო სრულყოფილია და მრავალფეროვანი, რადგან ვართ ჩვენ და არიან ისინი.

144-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაშვილი


"სხვა საქართველო სად არი?"

     ჩემი სამშობლო აქ, ჩემს პატარა გულშია, ჩემთვის უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესი. მე უზომოდ მიყვარს საქართველო. ეს სიტყვები უბრალოდ ლამაზი როდია, ისინი ჩემი გულიდან ამოსული გულწრფელობაა.
        სიტყვით ყველას უყვარს, სიტყვით სიყვარული მისთვის გაკეთებული საქმიდან ჩანს. ალბათ მკითხავთ: "და შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის?" მე ჯერჯერობით სამშობლოსთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჯერ ხომ ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვარ. მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია, საქართველო უსაზღვროდ მიყვარდეს და ვისწავლო კარგად, რათა ჩემი ქვეყნის ჭკვიანი და განათლებული მოქალაქე გავხდე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და ჩემი სიტყვა ვთქვა, როგორც პიროვნებამ და როგორც მოქალაქემ. შეიძლება უკეთესზე უკეთესი გავხდე... ვინ იცის... 
ჯერჯერობით კი ჩემი საქართველო დედასავით მიყვარს... მიყვარს მისი მდინარეები, მთა-გორები, ქუჩები, ტაძრები და ყველაფერი რაც აქ, ჩემს საქართველოშია. მიყვარს ჩემი ქართველი ხალხი თავისი განსაკუთრებულობით, მათი სტუმართმოყვარე და ტემპერამენტიანი ხასიათით. მიყვარს და მეამაყება დიდი შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და უამრავი სასიქადულო მამულიშვილი. მე სულ პატარა ბეღურაც მიყვარს, რადგან ისიც ჩემი სამშობლოს პატარა წევრია, ზამთარშიც რომ არ თმობს თოვლიან ხეებს. მტკივა, როცა ჩემს საქართველოს უჭირს, როცა ვიღაცა უღირსად მოიქცევა და ვნერვიულობ გაnვლილ, დღევანდელ თუ მომავალ საშიშროებებზე.
„ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
სხვა საქართველო სად არის?
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

„ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“

     საუკუნეების მანძილზე კაცთა მოდგმა ისეა მომართული რომ, უნდა თუ არა, სულ ფიქრsa და არჩევანშია. გარკვეულწილად, ეს ესეც არის. სხვადასხვა ერებს და რელიგიური მიმდინარეობის ადამიანებს თავიანთი რწმენა აქვთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სხვანაირი იქნებოდა სამყარო, რომ არ არსებობდნენ ბოროტი, ცრუ და მოღალატე ადამიანები, ყველა რომ კეთილი და უწესიერესი იყოს. ნუთუ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს საოცარი სამყარო თავისი უნიკალური შედევრებით და უპირველესად ადამიანი, ხატად თვისად, თავისი ფიზიკური და სულიერი არსებობით, არ შეეძლო იმთავითვე გაენადგურებინა სატანა და დაემარცხებინა ის ბოროტება, რომელიც მის არსებობას თან ახლავს. იქნებ ეს ის კანონზომიერებაა, რომელიც შემოქმედს სჭირდება იმ ძირითადი ჩანაფიქრის განხორციელებაში, რასაც სამყაროს შექმნა ეფუძნება. ადამიანები ვერ შეძლებდნენ სიკეთის შეფასებას, რომ არ არსებულიყო ბოროტება. არც სწორად ცხოვრების ინტერესი არ ექნებოდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჯოჯოხეთის შიში არ იარსებებდა. ჰოდა, იცხოვრებდნენ ადამიანები უდარდელად და უფრო მეტიც, ფიქრიც კი ბევრი არ დასჭირდებოდათ, კეთილისა და ბოროტის მუდმივი ჭიდილი. 
      შემოქმედს, ადრე თუ გვიან, სამყაროს გადასარჩენად ბოროტის საბოლოო განადგურება აქვს განსაზღვრული. მაშინ მოხდება კაცთა განკითხვა იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს იხრებოდა მისი ცხოვრება, სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ.
      ახლა, როდესაც ადამიანთა ცხოვრება შემაძრწუნებლად ცოდვილი გახდა და სამყაროში სიკეთის საოცარი დეფიციტია ადამიანებს ტანჯავთ კვლავ აქტუალური კითხვა: "ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?"
       საწუთრო დაუნდობელია, ხოლო საწუთროში არსებული სიყვარული- ღვთიური მადლით განფენილი. უფალმა მოგვცა თვალი, რომ განვასხვაოთ ავი და კარგი. რამდენად შევძლებთ დანახვას, ეს უკვე ჩვენი არჩევანია. 

ზნეობის დაკარგვა

           თუ ვიკითხავთ, რა არის 21-ე საუკუნის პრობლემა, მაშინ: მშობელი გვეტყვის, რომ კომპიუტერი წარმოადგენს დაუძლეველ თავსატეხს, გამოცდილი და ასაკოვანი ადამიანი იტყვის – გლობალიზაციას, მოზარდი – გარემოს, მოძღვარი – სულიერებას, ისტორიკოსი – ისტორიის დავიწყებას, სულით ქართველი – ტრადიციების არ შენარჩუნებას… ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. საუკუნე, რომელშიც ვცხოვრობ მე სავსეა პრობლემებით, რომლებიც ადრეც იყო, ახლა კი ზენიტს მიაღწია.ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით, არის ზნეობის დაკარგვა. უფრო ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და დავინახავთ რომ ჩვენს ირგვლივ, ყველაფერი სწორედ ამაზე მეტყველებს.
            დღეს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ცდილობენ გახდნენ ყველაზე პოპულარულები ოღონდ არა რამე კარგით და სასარგებლოთი, არამედ სკანდალებით, ამის გამო ჩადიან ათასგვარ უზნეობას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საზოგადოებას ეს მოწონს! ახალგაზრდებს თავი გააქვთ ერთმანეთის გაუტანლობით, შურით, სიძულვილით. თითქოს გაიცვითა, გაქრა, აღარ არსებობს ის სითბო და ისეთი ურთიერთობები როგორიც ადრე იყო. რემარკის არ იყოს: ” რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?” მივუდგეთ ამ საკითხს ფსიქოლოგიურად. იცით, რომ შვილი დედას დღეში მინიმუმ რვაჯერ უნდა ეხუტებოდეს? ეს კარგი ფსიქოლოგიური ფაქტია, რომელზეც შეიძლება იფიქროთ, რომ გასათვალისწინებელი არ არის, მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ და უბრალოდ ნებისმიერი დედა-შვილის ურთიერთობა გავიხსენოთ. დღეს დედა შვილს იმიტომ ურეკავს, რომ გაიგოს კარგად არის თუ არა. გაიგებს ამას და ყველაფერი მთავრდება. ემოციური კავშირი გაწყდა- ამბობენ  ფსიქოლოგები. გიორგი ლეონიძის სიტყვები გავიხსენოთ:”შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე– რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ! რატომ აღარ ესმით ეს       ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს, — შვილებსა და შვილიშვილებს? რატომ დაჰკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები? ნუთუ დაყრუვდნენ, მოკვდნენ, გადაშენდენ ეს სიტყვები? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული , რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო, რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედებმა? — მე სწორედ მათ საგულისხმოდ ვწერ ამას!” ეს ფრაზა გარდა იმისა, რომ ქართველ დედაზე გვაფიქრებს, გვეუბნება იმასაც, რომ ეს პრობლემა ადრეც ყოფილა. მარტო გიორგი ლეონიძე რად ღირს ამის დასტურად. ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილებში ხომ მუდამ გვხვდება ის მახასიათებლები, რაც დღეს ჩვენს საუკუნეს სენად ქცევია.
         დიახ, თქვენ იტყვით, რომ ეს პრობლემა – ზნეობის დაცემა, ფასეულობების დაკარგვა ადრეც იყო, მაგრამ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც ეს არის, რომ ადამიანმა აქამდე ვერ შეძლო ამ ყველაფრის გამოსწორება, დაბრუნება, ადამიანობის შენარჩუნება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ არაფერია ისეთი რაც ადამიანებს უკეთესობისკენ მოაბრუნებს, ახალგაზრდებს ღვთის რწმენას დაუბრუნებს. ჩვენს ყოველდღურ ყოფაში შემოჭრას ცდილობს (თუმცა უკვე შემოიჭრა კიდეც თითქმის ბოლომდე!) ისეთი ცხოვრების წესი, რომლის გამოც არაერთგზის აღმოჩნდა კაცობრიობა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე. ეკლესია გვაფრთხილებს, რომ ამის დავიწყება არაფრით შეიძლება მათთვის, ვინც მომავალზე ფიქრობს !   


ჩვენ ვწერთ ჰაიკუს...


მინდორში ყვავილებია,
ცაში -პეპლები,
მათ შორის კი- მე.

როცა ვოცნებობ,
ყვავები ფრთხებიან,
ჩემ წინ კი ანგელოზები ჩნდებიან.


დავაცემინე
და ჩემი ცოდნა 
სხვასაც გადავდე.

   მარი ელისაშვილი, მარი კოლაშვილი, ელენე ფანჩვიძე

Комментарии

  1. კარგი წამოწყება იყო ამ ლიტერატურული ჟურნალის გამოშვება, კარგად აზროვნებენ ბავშვები, სამწუხაროდ, მორიგი ნომრები არ ჩანს. იქნებ განვაახლოთ ეს საქმე!

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან კარგი იქნება ქეთი.ველოდებით მორიგ ნომრებს

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

რეფერატი: აბო თბილელის მსგავსება უფალთან

პროექტი "სიყვარული შობს სიყვარულს"